გორში, კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღის“ ტერიტორიაზე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველ წერტილებს, დაცვის ჯიხურსა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც ობიექტის უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად გაეცნო.
„დღეს შიდა ქართლის რეგიონში დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს. მათ შორისაა გორის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, რომელიც აქტიურ ფაზაშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში ამ სპორტული ობიექტის გახსნას შევძლებთ“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 4.31 მილიონ ლარს შეადგენს.