საზოგადოება
09.06.2026 15:23
გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ იწყებს.

პროექტის ფარგლებში, ComCom-ის წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, სამიზნე სოფლებში მოსახლეობასაც შეხვდნენ და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

რაც შეეხება პროგრამას, ტრენინგ-მოდულები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

„კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში ტრენინგებს 17 სამიზნე სოფელში: აძვში, ახალშენში, ყელქცეულში, ქორდში, ქვემო ახალსოფელში, ქვემო შავშვებში, მარანაში, ნადარბაზევში, ნაწრეტში, სათბურის დასახლებაში, შერთულში, თედოწმინდაში, თერგვისში, ციცაგიანთკარში, ვარიანის მეურნეობაში, ზემო რეხასა და ზემო სობისში ჩაატარებს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება კი სამიზნე სოფლებში მცხოვრებ, 14 წლიდან ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ.
პროექტში ჩართული მონაწილეები სრულიად უფასოდ გაიუმჯობესებენ ცოდნას, რაც ციფრულ შესაძლებლობებს უკავშირდება. სემინარებზე დასასწრებად კი პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 595 992 402 უნდა დაუკავშირდეს“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

შეგახსენებთ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. პროექტი უკვე 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და 14 000-ზე მეტი ბენეფიციარია გადამზადებული.
კვირის ამბები