2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
„გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გაიხსნება“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცდების დეტალური განრიგის შესახებ ინფორმაციის ნახვა მსურველებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულის საშუალებით შეუძლიათ.