„სკოლების გამოფენა“ - სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, კულტურისა და დასვენების პარკში გორის საჯარო სკოლების გამოფენა-დათვალიერება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის თორმეტმა საჯარო სკოლამ მშობლებს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მიღწევები, სასწავლო და შემოქმედებითი აქტივობები გააცნეს. „ახალბაღში“ მოწყობილი იყო კუთხე, სადაც მშობლებს შეეძლოთ, საკუთარი მოსაზრებები, სურვილები, შეთავაზებები გაეზიარებინათ, ასევე, მადლობის სიგელები გადაეცათ თითოეული სკოლიდან ერთ გამორჩეულ მასწავლებელს და მოსწავლეს.
„სკოლების გამოფენა“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (უფროსი გიორგი ბერძნიშვილი) ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, აქტივობა მომავალ წლებშიც გაიმართება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.
„პროექტის მიზანი, სკოლების წახალისება, მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, რომ სკოლაში მიმდინარე პროცესები ფართო აუდიტორიას გააცნონ, ასევე ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვის ხელშეწყობაა.
ამ დღით, ერთგვარ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: ამიერიდან ყოველი სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება „სკოლების გამოფენა“ და აღნიშნულ ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცემა თითოეული სკოლიდან ერთ გამორჩეულ მასწავლებელს და მოსწავლეს, რომლებმაც, კონკრეტულ სასწავლო წელს, გამოიჩინეს თავი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სასკოლო ცხოვრებაში“, - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
სკოლების გამოფენა-დათვალიერებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.