საზოგადოება
17.06.2026 12:21
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განაცხადების მიღება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება დაიწყო.

ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროცესი 26 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება და განაცხადები როგორც ელექტრონულად: online1.naec.ge/oapp/, ასევე მატერიალურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მიიღება.

როგორც ცენტრში აცხადებენ, საფასური სრულად ბრუნდება: თუ 2026 წლის გამოცდებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულმა პირმა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე; თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია; თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

„იმ შემთხვევაში, თუ პირმა რეგისტრაციის საფასური გადაიხადა, თუმცა არ გაიარა რეგისტრაცია, ვალდებულია შეავსოს ამობეჭდილი განცხადების ფორმა და წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რეგიონებში შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ განმცხადებელი სხვა პირია წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (მინდობილობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა), ასევე ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება), აგრეთვე ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში თანხა ჩაირიცხება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე“, - , - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები