იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მომსახურება სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ.
უწყების ინფორმაციით, ახალი ინოვაციური მომსახურება საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად განახორციელონ.
„ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. მოქალაქეთა მაღალი ინტერესისა და მომართვიანობის გათვალისწინებით, სააგენტომ აღნიშნულ მომსახურებაში გონიერი კონტრაქტის მექანიზმი დანერგა, რაც პროცესს კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.
გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თანადროული ანგარიშსწორებაა. სისტემა უზრუნველყოფს რეგისტრაციის პროცესისა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის ერთდროულ განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით გარანტიას ქმნის.
რაც შეეხება მომხმარებლებს, გონიერი კონტრაქტის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან პასპორტს. მომსახურების მისაღებად კი დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს napr. gov. ge და დისტანციური სესია მათთვის სასურველ დროს დაჯავშნონ“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, გონიერი კონტრაქტის პლატფორმა გამოიყენება უძრავი ქონების დისტანციური შეძენის პროცესშიც, რაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, ემიგრანტებს, შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ქონების შეძენა შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე განახორციელონ.