საზოგადოება
17.06.2026 15:58
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მომლოცველთა მსვლელობა მიმდინარეობს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, გორიჯვრიდან თხოთის მთის მიმართულებით მომლოცველობითი მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სასულიერო დასის და მრევლის წევრები მონაწილეობენ.

„მსვლლობა გორიჯვრიდან დაიწყო. მომლოცველები ხიდისთავში, კასპსა და მუნიციპალიტეტების სოფლებში: დოესში, ხოვლეში, გრაკალში, თელიანში, სასირეთში, ზემო და ქვემო ხანდაკში, მეტეხში, მიქელწყაროსა და აღაიანში საღმთო ლიტურგიას აღავლენენ და სასულიერო პირები სოფლების დალოცავენ. მსვლელობა პარასკევს, 19 ივნისს, თხოთის მთაზე დასრულდება“, - აღნიშნულია გორისა და ატენის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომლოცველობით მსვლელობასთან დაკავშირებით, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გორიჯვრის წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში მცირე წყალკურთხევის წესი შეასრულა. გორიჯვარზე აღვლენილ ლოცვას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ესწრებოდნენ.
კვირის ამბები