აზერბაიჯანული და სომხური ენების, მათემატიკისა და ქართული ენის გამოცდებთან დაკავშირებით, მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის აზერბაიჯანული და სომხური ენების, მათემატიკისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის) გამოცდებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ხვალ, 19 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათზე დასრულდება. შეხვედრაზე დასწრება კი ნებისმიერ მსურველს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის - bit.ly / 4aE0HsO გამოყენებით შეუძლია.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან.
„ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა თევდორაძე, სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის წარმომადგენელი ეთერ აფხაზავა, ასევე, სომხური და აზერბაიჯანული ენების მოწვეული ექსპერტები - ხათუნა გაფრინდაშვილი და სევდა მოზაშვილი“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.