საიდან გაჩნდა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი - როტშილდების გვარი და რა მთავარ დისციპლინას იცავს ოჯახის ყველა თაობა
როტშილდების გვარი მსოფლიოში დღემდე უდიდესი სიმდიდრის სიმბოლოდ რჩება. ამას კი საფუძველი დინასტიის დამფუძნებელმა, მაიერ ამშელ როტშილდმა ჩაუარა.
ექსპერტების ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, როტშილდების საერთო ქონება 3.2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, თუმცა ზუსტი ციფრი არავინ იცის, რადგან ოჯახი თავის შემოსავლებს არასდროს ასაჯაროებს, მეტიც, ქონების აღწერაც კი აკრძალულია.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ოჯახის ქონება აღწერა და მისი ზუსტი რაოდენობის საჯაროდ გამხელა - მათ შორის, არც სასამართლოში და არც ანდერძში.
„კატეგორიულად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვკრძალავ ჩემი მემკვიდრეობის სასამართლო ან საჯარო აღწერას, ნებისმიერ სასამართლო ჩარევას და ჩემი ქონების მასშტაბების გასაჯაროებას“, - ეწერა ამშელ როტშილდის ანდერძში.
საიდან წარმოიშვა როტშილდების გვარი - ოჯახის დამფუძნებელი, მაიერ ამშელი (1744-1812), ფრანკფურტის ებრაულ გეტოში ცხოვრობდა. იმ დროს სახლებს ნომრები არ ჰქონდა და მათ სხვადასხვა ნიშნის ან ფერის მიხედვით ასხვავებდნენ. მაიერის წინაპრების სახლს წითელი ფარი ამშვენებდა. გერმანულად „წითელი ფარი“ არის „Rot Schild“, სწორედ აქედან წამოვიდა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ფინანსური დინასტიის გვარი.
როტშილდების ოჯახში დადგენილი წესებით, ძმებს შორის უთანხმოება ოჯახის შიგნით უნდა მოგვარდეს, რათა საგვარეულოს ერთიანობა არ დაირღვეს.
ბიზნესში ყველა საკვანძო პოზიცია ოჯახის წევრებმა უნდა დაიკავონ და არა დაქირავებულმა თანამშრომლებმა.
საქმეებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მამრობითი სქესის შთამომავლებს აქვთ, მემკვიდრეობაც მხოლოდ მამრობით ხაზზე გადადის.
როტშილდების ოჯახის მამაკაცმა ცოლად საკუთარი დეიდაშვილი, მამიდაშვილი ან ბიძაშვილი უნდა შეირთოს, რათა დაგროვილი ქონება ოჯახში დარჩეს და საერთო საქმეს ემსახუროს.
როტშილდების ოჯახის ქალიშვილი ცოლად არისტოკრატს უნდა გაჰყვეს, თუმცა საკუთარი სარწმუნოება შეინარჩუნოს.
მაიერ ამშელის შთამომავლების 58 ქორწინებიდან ზუსტად ნახევარი სწორედ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის შედგა.