გამოცდაში მონაწილეობის საფასურის დაბრუნებასთან დაკავშირებით, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების განაცხადების მიღება დაიწყო
გამოცდაში მონაწილეობის საფასურის დაბრუნებასთან დაკავშირებით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, აღნიშნულ სტუდენტებს გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდებათ შემდეგ შემთხვევებში: თუ პირი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე; თუ რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება; თუ არ გამოცხადდა გამოცდაზე.
„თანხის დაბრუნების თაობაზე სტუდენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით 2026 წლის 7 ოქტომბრის 18:00 საათამდე. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო რეკვიზიტები (ბანკის დასახელება, კოდი, ანგარიშის ნომერი, მფლობელის სახელი და გვარი).
განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთ თვეში კი სტუდენტს თანხა მითითებულ ანგარიშზე ჩაერიცხება.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9), ასევე რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.