06.10.2026 13:03
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები დააჯილდოვეს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ 31 პედაგოგს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. მათ შორის 5 პედაგოგს, რომლებიც გამოირჩევიან ხანგრძლივი სტაჟით, ასაკით, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ მადლობის სიგელები გადასცა.
„2023 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და მასწავლებლის ეროვნული პრემიის კონკურსი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს - 27 ოქტომბერს აღინიშნება.
წელს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე 31 პედაგოგია წარდგენილი და სწორედ ამ ადამიანებს მიეძღვნა ღონისძიება, რომლის მიზანი კონკურსზე წარდგენილი პედაგოგების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა.
ამჯერადაც არ დავარღვიეთ ტრადიცია და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან წარდგენილ ყველა პედაგოგს სიმბოლური საჩუქარი გადავეცით“, - აღნიშნეს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება.
ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.

