კონფლიქტები
18.09.2026 10:23
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო ,,არჩევნები“ ტარდება
დღეს, 2026 წლის 18 სექტემბერს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის (RES) ცნობით, ყველა ე.წ. საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

ე.წ. არჩევნების ვადამდელი ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის ფედერაციაში, ვლადიმერ პუტინის მრჩევლად გადავიდა სამუშაოდ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 75 ე.წ. საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან - 70 უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონში, 4 - ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო 1 - მოსკოვში.

ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 კანდიდატი დაარეგისტრირა. მთავარ კანდიდატად განიხილება ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობენ: ზურაბ კოკოევი - ე.წ. პარტია „ერთიანობა“, მურატ ვალიევი - ე.წ. პარტია „ალანიის პატრიოტები“ და ყაზბეგ კოდოევი - წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი ალან გაგლოევი 23 ივნისს ,,გადადგა“, ამავე დღიდან, ე.წ.

პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი დე ფაქტო ,,მთავრობის“ ე.წ. თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი გახდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ნებისმიერ მსგავს პროცესს უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს.
კვირის ამბები