საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული, რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 საჯარო სკოლაში წელს 1 197 პირველკლასელია რეგისტრირებული. აქედან, 651 პირველკლასელი რეგისტრირებულია ქალაქის სკოლებში, 546 კი - მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სკოლებში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
,,მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს.
სკოლა ის ადგილია, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც ბავშვები, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, მეგობრობას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების რეფორმა და ბოლო წლებში განხორციელებული თითოეული ინიციატივა.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და თანამშრომლებს — თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ყოველდღიური შრომა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლეთა განვითარებასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.
მადლობას ვუხდი მშობლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და თანადგომა ბავშვის წარმატების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ! გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე წელს!”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
სიახლეა სასკოლო ფორმებიც, რომელთა ტარება 1-ელიდან მე-6 კლასების ჩათვლით სავალდებულო გახდა.
ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, რომლის თანახმადაც, სემესტრის განმავლობაში, საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება;
ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა ექნება.
ამასთან, ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.