სპორტი
06.10.2026 16:55
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა გამართა. რამაზ სვანაძის გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

საფეხბურთო მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

„ხარისხობრივად არ იყო ის, რაც უნდა გვეჩვენებინა. მეორე ტაიმში ბურთით ბევრად უკეთ ვითამაშეთ და მეტჯერ შევძელით მეტოქის პრესინგის ხაზის გადალახვა. მატჩის ბოლო მონაკვეთში კი იძულებითმა ცვლილებებმა, რომლებიც ტრავმებით და ყვითელი ბარათებით იყო გამოწვეული, ძალიან იმოქმედა ჩვენს თამაშზე. არავისთვის არის მარტივი ის ფაქტი, რომ უკვე მეოთხე თამაშია, გოლი არ გაგვიტანია. ამავე დროს, პოზიტიურია ის, რომ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გავუშვით.

ოთხივე თამაშში უნდა აღინიშნოს ჩვენი დაცვის ხაზის და მეკარის თამაში. ზოგადად, დაცვითი ფაზა ჩვენთვის მხოლოდ მცველების და მეკარის საქმე არ არის და ფორვარდებიდან იწყება. ამ მხრივ მინიმალური რაოდენობის შეცდომა დავუშვით. დაცვითი თვალსაზრისით, ეს თამაშები პოზიტიური და სასიამოვნო სანახავი იყო.

დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდება. რა თქმა უნდა, სირთულეები გვაქვს და მომავალშიც გვექნება, თუმცა ჩვენი მიზანი არანაირად არ შეიცვლება. მხოლოდ ერთ ლიგაზე არ ვართ დამოკიდებული და წინ კლასიკური შესარჩევი ეტაპიც გვაქვს.

ერთა ლიგაში და ყველა მომდევნო შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება იქნება. მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.

დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებლის და ჩვენი ქვეყნის წინაშე სულ სხვა სახით წარვდგეთ. დარჩენილი დრო კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ..

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით ორ შეხვედრას ნოემბერში ჩაატარებს. 14 ნოემბერს, ჩვენი გუნდი უნგრეთს უმასპინძლებს, 20 ნოემბერს კი, სლოვაკეთში, უკრაინის წინააღმდეგ ითამაშებს.

კვირის ამბები