საზოგადოება
15.10.2026 20:44
სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს - შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტო
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტოს ტერიტორიაზეა გადაღებული, სააგენტო ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

როგორც სააგენტოს მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმ მომენტში, როდესაც ვიდეოა გადაღებული, ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა და ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებული.

უწყების განმარტებით, აღნიშნული კადრები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.

,,ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა ცხოველების მიტოვების ფაქტები და შესაბამისად, მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში ყოველდღიურად ათობით ლეკვი ხვდება, რომელთა დიდი ნაწილი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგად დედის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქეები ლეკვებს ქუჩებში, გზის პირებსა და არხებში ტოვებენ, რაც მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ლეკვების გადარჩენის, გამოკვებისა და პირველადი ვეტერინარული დახმარების მიზნით ხდება მათი სააგენტოში გადაყვანა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ გადაღების დროს, სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. ამ პროცესში ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებული. აღნიშნული კადრები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და გამოიწვია მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.

სააგენტო აქტიურად მუშაობს მიუსაფარი ცხოველების გაშვილების მიმართულებით. დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ სააგენტოში ვიზიტი და ცხოველების აყვანა. ლეკვების შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს მათ უფასო სტერილიზაციასა და ვაქცინაციას.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ დატოვონ ცხოველები ქუჩაში და დროულად უზრუნველყონ მათი სტერილიზაცია/კასტრაცია და რეგისტრაცია. ცხოველებზე ზრუნვა თითოეული მფლობელის პასუხისმგებლობაა.

სააგენტო მზად არის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისთვის და მოუწოდებს მოქალაქეებს, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტო ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქით“ გავრცელდა ვიდეო, სადაც კადრში ჩანს ერთ ვოლიერში მოთავსებული ლეკვები, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა მხრიდან ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიმართ კრიტიკა მოჰყვა.
კვირის ამბები