საზოგადოება
16.10.2026 12:24
სიმშვიდის გზა ოპერაციამდე - 16 ოქტომბერი ანესთეზიის მსოფლიო დღეა
16 ოქტომბერს ანესთეზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. მედიცინის ამ დარგის ისტორია მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება.

1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.

ანესთეტიკის სახით მან გამოიყენა დიეთილის ეთერის ინჰალაცია. სწორედ ამიტომ, 16 ოქტომბერი ანესთეზიის მსოფლიო დღედაა აღიარებული.

როგორც მედიკოსები ამბობენ, თანამედროვე ანესთეზია არ არის მხოლოდ ტკივილის გაქრობა - ეს სიმშვიდის, უსაფრთხოების და კომფორტის გარანტიაა.

„პაციენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა სიმშვიდის მისაღწევად, ინფორმირებაა. წინასწარ კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან გვაძლევს შესაძლებლობას, დავსვათ ყველა შეკითხვა.

ანესთეზიის დღე გვახსენებს, რომ თანამედროვე მედიცინა გვაძლევს საშუალებას, ტკივილის გარეშე დავუბრუნდეთ ჯანმრთელობას და მშვიდად ჩავიტაროთ ოპერაცია.

დღეისთვის ანესთეზიოლოგია არა მარტო ქირურგიის განუყრელი თანმხლებია, არამედ, ფსიქიატრიის, ნარკოლოგიისა და მედიცინის სხვა სფეროების. საზოგადოების განვითარებასთან ერთად, სრულყოფას განიცდის ანესთეზიოლოგიაც, რამაც განაპირობა მისი მედიცინის ცალკე შტოდ გამოყოფა.

თანამედროვე მედიცინაში განარჩევენ ზოგად, ადგილობრივ და სპინალურ ანესთეზიას. საანესთეზიო პრეპარატები და მეთოდოლოგია მუდმივად სრულყოფას განიცდის, ისევე, როგორც მედიცინის აღნიშნული სფეროს სპეციალისტების ცოდნა და უნარ-ჩვევები“, - აცხადებენ მედიკოსები.
კვირის ამბები