ორი მუზის მსახური - გორში პოეტისა და მხატვრის - ჟუჟუნა ვაშაგაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
გორში - პოეტისა და მხატვრის, ჟუჟუნა ვაშაგაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიება „ორი მუზის მსახურის“ 90 წლის იუბილეს მიეძღვნა და საიუბილეო საღამოს ღვაწლმოსილი შემოქმედის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, საჯარო მოხელეები, პოლონეთიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო საღამოზე ხელოვანის ღვაწლზე ისაუბრეს, მისი ლექსები წაიკითხეს, ასევე შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.
დამსწრე საზოგადოებამ ჟუჟუნა ვაშაგაშვილთან ერთად გატარებული წლები გაიხსენეს და მხატვრის ნამუშევრები დაათვალიერეს.
საკუთარი ლექსები წაიკითხა იუბილარსმაც.
„ულამაზესი მოდიოდი, თეთრ კოპლებიანი შავი კაბით და თან მოგქონდა ქუჩა და მოპარული ღიმილები… და სწორედ მაშინ მივხვდი, რასაც ნიშნავდა „დიდებული უბრალოება!“
გიყურებდი და მიკვირდა, როგორ უძლებდა და ატარებდა ეგ კაფანდარა სხეული ,თავის თავში, პოეტსაც და მხატვარსაც და „მშურდა“ იმ ხალხის, ვინც გიცნობდა და ვის მისალმებასაც ღიმილიანი გამარჯობით პასუხობდი!..
...მინდა იცოცხლო ჯანმრთელი სიცოცხლით!.. დიდხანს არ მომაკლდეს, შენი მშვენიერი ღიმილი“... - მცირე ამონარიდია იუბილარის მეგობრის, საზღვარგარეთ მყოფი ნუნუ ოთარაშვილის ღია ბარათიდან.
ჟუჟუნა ვაშაგაშვილი 1936 წლის 18 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში დაიბადა. წლების განმავლობაში გორის სამხატვრო სკოლაში, ასევე, სხვადასხვა საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და ხატვის ხელოვნებას არაერთი თაობა აზიარა.
საქართველოს მწერალთა და მხატვართა წევრი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. მის ლექსებზე შექმნილია სიმღერებიც.
შეგახსენებთ, გორელი ხელოვანის საიუბილეო საღამოს ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა.