გორის №12 საჯარო სკოლის მოსწავლე მერაბ ჩუბინიძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია
გორის №12 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მერაბ ჩუბინიძე 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მერაბ ჩუბინიძემ უცხოურ ენაში (რუსული) ჩატარებულ ოლიმპიადაში მოიპოვა წარმატება. გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად დააჯილდოვა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა.
„ვულოცავთ მერაბს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მადლობას ვუხდით მის პედაგოგებს, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლალი შარაშიძეს და ოჯახს მხარდაჭერის და შრომისთვის! წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს - თითოეული თქვენი გამარჯვება ჩვენი სკოლის სიამაყეა“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეთა ათეული თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში.
ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.