საზოგადოება
26.10.2026 10:47
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, შიდა ქართლში 98 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, შიდა ქართლში 98 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 22 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, 1069 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

ყველაზე მეტი - 331 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 233 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 148 - გურიაში, 98 - შიდა ქართლში, 68 - სამცხე-ჯავახეთში, 55 - ქვემო ქართლში, 53 - აჭარაში, 51 - მცხეთა-მთიანეთში, 22 - კახეთში. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 2 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 927 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 60 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 50 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 32 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 909 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა კი 70 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 64 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი, ირაო და ხოხობი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, ასევე კურდღელსა და ტურაზე ნადირობის ფაქტებიც დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
კვირის ამბები