საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ინოვაციური იდეების სასკოლო კონკურსი TECHSPARK იწყება.
კონკურსში მონაწილეობა 15 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს შეუძლიათ, რომლებსაც მენტორი მასწავლებელი ჰყავთ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონკურსო იდეა უნდა აუმჯობესებდეს სწავლას, სასწავლო რესურსებს ან სასკოლო გარემოს.
გუნდს შეუძლია აირჩიოს ექვსი მიმართულებიდან ერთ-ერთი: სწავლა და უკუკავშირი ს(წავლების ხელსაწყოები და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება); ხელმისაწვდომობა (ინკლუზიური რესურსები და განათლებაზე წვდომა); ჩართულობა (მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლის პროცესში მონაწილეობა); მასწავლებლის მხარდაჭერა (ტექნოლოგიური ინსტრუმენტები და საგანმანათლებლო რესურსები); STEAM და ციფრული უნარები (მეცნიერების სწავლა და მომავლის კომპეტენციები) და სასკოლო გარემო (სკოლის ყოველდღიური საჭიროებების ინოვაციური გადაწყვეტა).
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებული სკოლა 5 000 ლარს და „წლის ყველაზე ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლის“ სტატუსს მიიღებს.
კონკურსი სამი ტურისგან შედგება: მუნიციპალური, რეგიონული და ეროვნული. ყოველ ტურს წინ უძღვის უფასო სწავლება, რომელიც გუნდებს იდეის განვითარებაში ეხმარება.
„პროექტის ორგანიზაციაა Rethink ინოვაციების ცენტრი ახორციელებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციების და STEAM განათლების პოპულარიზაციას, მოსწავლეებში კრეატიული აზროვნების, ტექნოლოგიური უნარების და გუნდური მუშაობის განვითარებას.
პროგრამა სასკოლო საზოგადოებაში სამეწარმეო იდეებს უჭერს მხარს და ქვეყანაში ყველაზე ინოვაციურ სასკოლო სტარტაპ იდეას გამოავლენს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ონლაინ ფორმით მიმდინარეობს ბმულზე: apps.mygita.ge/zs/ShBBpC. ფორმა უნდა შეავსოს როგორც მენტორმა მასწავლებელმა, ისე გუნდის თითოეულმა წევრმა.