საინტერსო ამბები
09.01.2020 14:19
შავკანიანი მშობლების ქერათმიანი ალბინოსი გოგონას წარმატება მოდის სამყაროში და ალბინოსთა უმძიმესი ხვედრი აღმოსავლეთ აფრიკაში

პატარა, მშვენიერი ალბინოსი გოგონა, რომელიც შავკანიანთა ოჯახში დაიბადა, მოდის სამყაროში ძალზე პოპულარულია, თუმცა, ვიდრე მოდის სამყარო გაოცდებოდა გოგონას სილამაზით, მანამდე მშობლები და ახლობლები გააოცა - 8 წლის ავა კლარკის დედაც, მამაც და ყველა ნათესავიც ხომ შავკანიანია. გოგონა თანდაყოლილი ანომალიით – ალბინიზმით დაიბადა. ავას გამორჩეული გარეგნობა სამოდელო სააგენტოებმაც შენიშნეს და არაერთი წინადადება შესთავაზეს. შავკანიანი მშობლების ქერა ქალიშვილმა უკვე რამდენიმე სერიოზულ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩვენებებსა თუ ფოტოსესიებში წარმატებით მონაწილეობს.

რა არის ალბინიზმი - ალბინიზმის დროს, დაქვეითებულია პიგმენტ მელანინის შემცველობა კანში, თმასა და თვალში. დაავადებას წარმოქმნის მელანინის (ნივთიერება, რომელზეც არის დამოკიდებული ქსოვილის შეფერილობა) სინთეზისთვის საჭირო ფერმენტის - თიროზინაზის უქონლობა. ალბინიზმს არ გააჩნია რასობრივი და ეთნიკური გავრცელების თავისებურება.

ადამიანებს, რომლებსაც ალბინიზმი აღენიშნიბათ, ალბინოსებს უწოდებენ.

ხშირად, ალბინოსი ბავშვების მშობლებს თმისა და თვალის ჩვეულებრივი ფერი აქვთ. ალბინიზმი ორი ტიპისაა: ოკულოკუტანეური (თვალ-კანის და თმის) და ოკულარული (მხოლოდ თვალის).

ალბინიზმის მკურნალობა უშედეგოა, მელანინის ნაკლებობის აღდგენა და ნორმალიზება შეუძლებელია. ალბინიზმით დაავადებული ადამიანი აუცილებლად უნდა ერიდოს მზეს ან გამოიყენოს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სპეციალური კრემები და მუქი სათვალე.

სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ალბინიზმის გენს ატარებს ყოველი 70 ადამიანიდან ერთი, ხოლო ყოველი 17 000 ბავშვიდან იბადება ერთი ალბინოსი.

მსოფლიოში ალბინოსთა ყველაზე დიდი რაოდენობა აღმოსავლეთ აფრიკაშია, ყველაზე დიდი ხვედრითი წილი კი, ტანზანიაზე მოდის. აქ მათი რაოდენობა 15-ჯერ აღემატება მსოფლიოს სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალბინოსები ტანზანიაში მოსახლეობის ყველაზე დაუცველი და გარიყული ნაწილია და იძულებულნი არიან, მხოლოდ ერთმანეთს შორის იქორწინონ. შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტია ტანზანიაში ალბინოსთა უჩვეულოდ დიდი ხვედრითი წილის მიზეზი.

საუკუნეების განმავლობაში, ტანზანიაში არსებობდა ცრურწმენა, თითქოს, ალბინოსის სხეულის ნაწილებს სამკურნალო თვისებები აქვს, რის გამოც ეს ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ამგვარი ცრურწმენები დღემდე შემორჩენილია.

არსებული სტატისტიკით, 2006-დან 2009 წლამდე, ამგვარი ,,ნადირობის“ შედეგად 71 ალბინოსი დაიღუპა. ალბინოსების სხეულის ნაწილებს: ,,მონადირეები’’ საკმაოდ მაღალ ფასად - 50-100 ათას დოლარად აბარებენ ჯადოქრებს და ე.წ. მკურნალებს (ეს თანხა საშუალო ტანზანიელის 25-30 წლის მუშაობის გასამრჯელოს ტოლფასია).

ამგვარი არაადამიანური ქმედებები ალბინოსთა წინააღმდეგ ტანზანიაში წლების განმავლობაში არ ისჯებოდა და უმძიმეს მდგომარეობაში აყენებდა მათ. მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების მკაცრმა გაფრთხილებამ აიძულა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ხელისუფლება, ოფიციალურად აეკრძალა ალბინოსებზე ნადირობა და მათი მკვლელობისთვის სასჯელი დაეწესებინა.

2009 წელს, ტანზანიაში პირველი სასამართლო გაიმართა - როდესაც სამმა მამაკაცმა 14 წლის ალბინოსი ბიჭი დაიჭირა და მკითხავებისთვის მიყიდვის მიზნით ნაწილებად აკუწა, სამივე ბოროტმოქმედი დააკავეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

კანონმდებლობის გამკაცრებამ შედეგი მაინც ვერ გამოიღო: სიკვდილით დასჯის თავიდან ასაცილებლად, ,,მონადირეები“ ალბინოსებს აღარ კლავდნენ, იჭერდნენ და მათ სხეულის ნაწილებს აჭრიდნენ. სხეულის განზრახ დაზიანებისთვის კი, ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ტანზანიის ალბინოსთა 98% სიცოცხლის 40 წელსაც ვერ აღწევს. ამის მიზეზი, ამ ადამიანებზე ნადირობის გარდა, ფიზიოლოგიური ფაქტორებიცაა: მათი თვალები და კანი ხომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ამიტომ, 16-18 წლის ასაკში ალბინოსები 60-80%-ით კარგავენ მხედველობას, 30 წლის ასაკში კი, 60% კანის კიბოთი ავადდება. ჯანმრთელობის დასაცავად ალბინოსებისთვის აუცილებელია მზისგან დამცავი ძლიერი კრემებისა და სათვალის ტარება, მაგრამ ტანზანიის უღარიბეს მოსახლეობას ამის საშუალება არ აქვს. სხვა ქვეყნებში კი, ცხოვრების ნორმალურ პირობებში, ალბინოსთა სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდად არ განსხვავდება არაალბინოსთა სიცოცხლის ხანგრძლივობისგან.

ტანზანიელი ალბინოსების ერთადერთი იმედი ევროპის და ამერიკის მხრიდან ყურადღებაა. ევროპიდან და ამერიკიდან მათთვის მუდმივად ჩააქვთ პრეპარატები და რაც მთავარია, ააშენეს არაერთი სპეციალური ინტერნატი, სადაც გარემოსგან იზოლირებულად, მაგრამ სახიფათო გარემო პირობებისგან დაცულად ცხოვრობენ ალბინოსები.

კვირის ამბები