სპორტი
08.09.2025 13:53
ზეღდულეთმა ქართულ ჭიდაობაში გურამ პაპიტაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა - შეჯიბრი გორელმა სპორტსმენებმა ექვსი მედლით დაასრულეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში გურამ პაპიტაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში.

შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. სპორტსმენები პირველობისთვის ხუთ წონით კატეგორიაში (60 კგ; 70 კგ; 80 კგ; 90 კგ; +90 კგ.) ასპარეზობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები საბა საბაშვილი, ზუკა ჭიღლაძე და ლაშა მღებრიშვილი გახდნენ. მეორე ადგილს გიორგი პაპუკაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი დაეუფლნენ. ვაჟა ავაზნელმა კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულად ჯილდოებთან ერთად, თასები და მედლები გადაეცათ.

სპორტული ღონისძიება, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის მოადგილეები მიხეილ ფავლენიშვილი და თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაგორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ცნობისთვის, ზეღდულეთში საჭიდაო მოედნის მოეწყობა მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელდა. მოეწყო საჭიდაო არენა ღია გუმბათით, რომელიც პროფილირებული ფერადი ფურცლით გადაიხურა. დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ზურგიანი სკამები, მათ შორის ოთხი სკამი განკუთვნილია შშმ პირებისთვის. სივრცე გათვალისწინებულია ფეხზე მდგომი მაყურებლისთვისაც. ობიექტი შემოიღობა ლითონის ფურცლით.

კვირის ამბები