დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დაიწყო.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge. ხოლო 15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ზემოაღნიშნული ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასკოლო ფორმების რეალიზაციას, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზება სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლაში (მისამართი: ქ. გორი, ნინოშვილის ქ. N54), ყოველდღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე მიმდინარეობს.
პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის კი სკოლების მიხედვით განისაზღვრა სარეკომენდაციო განრიგი, რომლის ნახვაც მსურველებს ონლაინ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეუძლიათ, სადაც მომხმარებელი ნახავს: სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებს და ღირებულებას; ასევე რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს და საკონტაქტო ინფორმაციას.
ცნობისთვის, ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.