საზოგადოება
20.08.2026 17:37
თავდაცვის მინისტრმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2026 წლის საბაკალავრო პროგრამის და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება და ოფიცრის წოდების მიღება მიულოცა.

გამოსაშვებ ღონისძიებას, რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეს - 20 აგვისტოს ჩატარდა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა), ადგილობრივი ხელისუფლების და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში, ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები, საკანდიდატო კურსის მსმენელები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიული სასწავლებელი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასწავლებლის მთავარი მისია კი საქართველოს თავდაცვის ძალების მომავალ ოფიცერთა აღზრდა და პროფესიული მომზადებაა.

„ვულოცავ აკადემიის იუნკრებს და მსმენელებს სწავლის დასრულებასა და ოფიცრის წოდების მიღებას! ეს დღე მათ ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. მჯერა, რომ აკადემიაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებს.

იუნკერთა და საკანდიდატო კურსის მსმენელების გამოშვება, ტრადიციულად, აკადემიის 107 წლის იუბილეზე აღინიშნა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეს ისტორიული სასწავლებელი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასწავლებლის მთავარი მისია საქართველოს თავდაცვის ძალების მომავალ ოფიცერთა აღზრდა და პროფესიული მომზადებაა.

მაღალი დონის სამხედრო განათლება და ძლიერი ოფიცერთა კორპუსი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის გაძლიერებას, თანამედროვე სიახლეების დანერგვას, სამხედრო განათლების შესაძლებლობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მინდა, მადლიერება გამოვხატო აკადემიის მეთაურის მიმართ. ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მეთაურობის პერიოდში ეროვნული თავდაცვის აკადემია განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი პიროვნული თვისებები, ლიდერობა, პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და ქვეყნისთვის თავდადებული სამსახური ნამდვილად სამაგალითოა თითოეული სამხედროსთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ აკადემიის იუნკრებსა და მსმენელებს სწავლის დასრულებასა და ოფიცრის წოდების მიღებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, 1919 წლის შემოდგომაზე, ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ამ დასახელებით გაუქმდა.

1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მე-11 წითელ არმიის შენაერთებთან ბრძოლაში ქართული სამხედრო სკოლის უკვე 148 იუნკერი მონაწილეობდა. ისინი ბოლომდე იდგნენ საბრძოლო პოზიციებზე. ქართულ სინამდვილეში სიტყვა „იუნკერი“ დამკვიდრდა, როგორც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლო.

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 1993 წლის 1-ელ სექტემბერს მიიღო. 2003 წლის 20 თებერვალს აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა, 2009 წლიდან კი სასწავლებელი გორშია განთავსებული.
კვირის ამბები