რეგიონი
09.10.2025 13:40
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტი, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც იწყება, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარე, დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმია.

სახლ-მუზეუმის მდგომარეობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო პროექტის ავტორის ნინო ნოზაძის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდება და რესტავრირდება შენობის ფასადი, მოეწყობა ახალი სახურავი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიული კედელს, მოეწყობა მარანი და ვიზიტორთა მიღება-მომსახურების ცენტრი, სახლ-მუზეუმის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი XIX საუკუნის ქართლის საერო არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებს ინახავს და წარმოადგენს თავადური საცხოვრებელი სახლის ნიმუშს. XX საუკუნის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმს ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

კვირის ამბები