
შიდა ქართლში, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობა, რომელიც მოიცავს როგორც დიდ, ისე მცირე საცურაო აუზებს, სატრენაჟორო დარბაზს, 100 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნას, პერსონალის და სპორტული მედიკოსების ოთახებს, გასახდელებს და საშხაპეებს. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე პარკინგის და გარე კაფის მოწყობა იგეგმება. საცურაო აუზი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.
სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, კასპის მუნიციპალტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
აუზის მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება და როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი მოემსახურება როგორც კასპის მოქალაქეებს, ისე შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას რეგიონში.
გარდამავალი პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ლარზე მეტია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.