სამართალი
21.01.2026 16:37
სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წლის 13 იანვარს უკანონოდ დააკავეს. ისინი, ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელების და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.

არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები