
2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მეოთხე კვარტალი.
„გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია. გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 4,690.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. 2025 წლის მე-4 კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.