
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ კიდევ ერთი პარკის პროექტირებას იწყებს.
პროექტი ითვალისწინებს შადრევნების, საბავშვო და დასასვენებელი ზონების, ატრაქციონების, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას. გარდა ამისა, პარკი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, სკეიტბორდის მოედანს, ველოსიპედის და საფეხმავლო ბილიკების ქსელს. მოწესრიგდება ტბის სანაპირო დაგანთავსდება პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, სწრაფი კვების ობიექტები. ამასთან, კასპის ახალი პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი, განათების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.
„პროექტის მიზანია შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის და სტუმრებისთვის დასვენების, გართობის და სხვადასხვა აქტივობისთვის კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტერიტორიის ადგილობრივი სახეობების ხე-მცენარეებით გამწვანებას და ეკოლოგიურად მდგრადი მასალების გამოყენებას“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში.