
გორის სპორტის სასახლემ თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მესამე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა.
შეჯიბრში, რომელიც ჭიდაობის მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით ჩატარდა, პირველობისთვის 2011-2013 წწ. დაბადებული გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ. ქართველ მოჭიდავეებთან ერთად ტურნირში საბერძნეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ.
რაც შეეხება შედეგებს, ტურნირი გორელი მოჭიდავეების გუნდური გამარჯვებით დასრულდა, მეორე ადგილზე ყაზახეთი, ხოლო მესამე ადგილზე სომხეთის გუნდი გავიდა.
გორელთაგან შეჯიბრის გამარჯვებულები ნიკა გაგლოშვილი (38 კგ.), ზურა დოთიაშვილი (48 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (53 კგ.) და მიხეილ მაყიშვილი (62 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილზე ანა გაბოძე (23 კგ.), ლუკა ქავთარაძე (57 კგ.) და ანდრია დოიჯაშვილი (85 კგ.) გავიდნენ.
თორნიკე დვალიშვილმა (41 კგ.), ლუკა დოთიაშვილმა (44 კგ.) და ედო მანველიშვილმა (75 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით, I-III ადგილზე გასული გუნდებიც დაჯილდოვდნენ. საბერძნეთის, ისრაელის, სომხეთის და ყაზახეთის გუნდებს მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებიც გადაეცათ.
ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მესამე მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ცნობისთვის, ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი ცოტნე ბარამიძე 2023 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.