რეგიონი
17.02.2026 16:26
შიდა ქართლში წყალმომარაგების და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამუშაოები გრძელდება

შიდა ქართლში, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი რამდენიმე ფაზად მიმდინარეობს და მოიცავს როგორც ქალაქის, ისე მიმდებარე სოფლების ცხრამუხისა და ოსიაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობას. გარდა ამისა, 30 000-40 000 მოსახლეზე გათვლილი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და 2,5 კმ-იანი ბაიპასის პროექტირება-მშენებლობაც ხორციელდება.

„დღეის მდგომარეობით, აშენებულია 184,227.94 მეტრი წყალმომარაგების ქსელი და 8,060 სახლის მიერთება, ასევე 39,961.68 მეტრი წყალარინების ქსელი, 2 122 სახლის მიერთება და 1 100 ჭის დამონტაჟება.

პროექტის ფარგლებში, სოფელ ცხრამუხასა და ხცისში შენდება სათავე ნაგებობები, ხცისის სათავეზე ეწყობა ჭაბურღილები და საქლორატორო, აშენდება 23 კმ-იანი წყალმომარაგების ქსელი და 10 ჭაბურღილი, ასევე დაინერგება მონაცემთა შეგროვებისა და მართვის სისტემა (SCADA). სერვის ცენტრის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი და ქალაქ ხაშურის, სოფელი ცხრამუხის, ზემო და ქვემო ოსიაურის 44 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში 350 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით ხორციელდება. რაც შეეხება მიზანს, მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების და წყალარინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

კვირის ამბები