კულტურა
18.02.2026 14:02
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში თანამედროვე მხატვრის გოჩა ძაგანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანიმალისტი მხატვრის გოჩა ძაგანაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ხელოვნებისმოყვარულები ესწრებოდნენ.

პერსონალურ გამოფენაზე ავტორმა დამთვალიერებელს საკუთარი შემოქმედებითი გზა, ხატვის ტექნიკები, ანიმალისტური ჟანრის თავისებურებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოში მისთვის პირველი პერსონალური გამოფენაა.

„მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოეწყო ჩემი პერსონალური გამოფენა, პირველადაა საქართველოში და მიხარია, რომ გორი მასპინძლობს. ვფიქრობ, რომ ჩემი ნამუშევრები მეტად მრავალფეროვანი გავხადო და ვაპირებ შოთა რუსთაველის და „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების დახატვას“, - აღნიშნა გოჩა ძაგანაშვილმა.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო სივრცე თანამედროვე მხატვრის ნამუშევრებს 23 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს.

გოჩა ძაგანაშვილი ცნობილია ანიმალისტური თემატიკის ნახატებით, სადაც ბუნება, ისტორია და ტრადიციები განსაკუთრებული დეტალებითაა წარმოდგენილი. მისი ნამუშევრები ფერთა ჟღერადობით, ფორმების გამომსახველობით, უნიკალური ხედვით და ექსპერიმენტული მიდგომებით გამოირჩევა.

კვირის ამბები