კულტურა
19.02.2026 11:51
გორში გიორგი მახარობლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა

18 თებერვალი გიორგი მახარობლიძის დაბადების დღეა. თარიღთან დაკავშირებით, პოეტის მეგობრების ინიციტივით, გიორგი მახარობლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. საღამოს გიორგი მახარობლიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამედროვე ავტორები ესწრებოდნენ. სტუმრებმა პოეტთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და მახარობლიძის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს, შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.

„გიორგი მახარობლიძე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო. პოეტის დაბადების დღეზე, ტრადიციულად, ყოველ წელს ვიკრიბებით და მის შემოქმედებას ვიხსენებთ. გიორგი მახარობლიძე ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო და ვამაყობ მასთან ურთიერთობით. ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს ორგანიზებაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ თანადგომა გამოგვიცხადა და მომავალში ვგეგმავთ, რომ პოეტის დაბადების დღე უფრო მასშტაბურად აღვნიშნოთ“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა პოეტის მეგობარმა თამაზ მაყაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კვირის ამბები