
შიდა ქართლში, ხაშურში, №4 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. მოეწყობა საკლასო და რესურსოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე და მუსიკის ოთახი. საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში განთავსდება ბიბლიოთეკა, კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, მანდატურის ოთახი, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზებიც.
„ახალი შენობა უზრუნველყოფს მოსწავლეების განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. ხაშურის N4 სკოლა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ გადმოეცა“, - აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს, 16:00 საათზე დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 8,089,200.00 ლარია.