
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა. 70-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარში 11-მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და 84-ე წუთზე კიდევ ერთი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვება ლოგიკური იყო. აღნიშნული შეხვედრის გათვალისწინებით, ისრაელთან 2:2-იც კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
ვფიქრობ, მარტში რამდენიმე კარგი რამ ვაჩვენეთ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია, თუ გვინდა, რომ შემოდგომაზე ერთა ლიგის მატჩები მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვის არის - რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში, დაცვაში და გუნდურ თამაშის მხრივ.
მეორე ტაიმში ძალიან მომეწონა კვარაცხელიას თამაში. ის იყო ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი. ვფიქრობ, გუნდმაც ბევრი დადებითი მიიღო მისი ასეთი თამაშით. ძალიან პოზიტიურია, როდესაც კვარაცხელია, მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობენ, ლიდერობას საკუთარ თავზე იღებენ. ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი გარემოა და ფეხბურთელებს გუნდურად მუშაობის სურვილი აქვთ.
მარტში ჩატარებული ორი მატჩიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა. მაგრამ ვიცით, რომ თამაშის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივნისს, თბილისში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.