რეგიონი
30.03.2026 13:54
შიდა ქართლში კიდევ ერთი ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის №2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

მინისტრი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდნენ.

450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტდარბაზი. გარდა ამისა, მთლიანად შეიცვალა გათბობის და წყალმომარაგების სისტემები, მოეწყო გარე სპორტული მოედანი.

„სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები