სპორტი
18.04.2026 18:23
ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი - ევროპის ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, 17 აპრილს, გორელმა ტიტულოვანმა სპორტსმენმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს კიდევ ერთხელ დაეუფლა.

ლაშამ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ფრანგი ჟან ბენჟამინ გაბა დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ფინალში კი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს სძლია.

დღეს კი, ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) მოიპოვა ოქროს მედალი.

მაისურაძემ ნახევარფინალში რუმინელი ალექს კრეტი ვაზარით დაამარცხა, ფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვს დამატებით დროში სძლია.

ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, ვერცხლის მედალი მოიპოვა გორელმა სპორტსმენმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.).

გრიგალაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში კი გრიგალაშვილი რუს ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

კვირის ამბები