2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველომ და სომხეთმა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.
„ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა“, - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
ცნობისთვის, ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს.