კონფლიქტები
15.05.2026 16:59
ერგნეთის შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ რიგით 132-ე შეხვედრაზე მკაცრად იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 132-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, მკაცრად მოითხოვეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიმართ სამართლის აღსრულება.

მკაცრად იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
კიდევ ერთხელ, მკაცრად იქნა დაგმობილი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სახიფათო პრაქტიკა.

ასევე, ხაზი გაესვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენციას და მკაცრად იქნა მოთხოვნილი აღნიშნული დესტრუქციული პრაქტიკის მსხვერპლ პირთა შელახული უფლებების აღდგენა.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს, ასევე თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი წარმოადგენდა. გაიმართა ვრცელი დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრები 2026 წლის 23 ივლისს და 8 სექტემბერს გაიმართება.
კვირის ამბები