საქართველო ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო საკუთარ კულტურას, გასტრონომიას, ღვინოსა და ტურისტულ პოტენციალს ფართო აუდიტორიას გააცნობს. გამოფენის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, კულტურული ღონისძიებები, ქართული კერძების და ღვინის დეგუსტაციები, მასტერკლასები და საქმიანი შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ჩინეთში, შანხაიში 26-28 მაისს ITB China-ზე საქართველო პარტნიორის სტატუსით წარდგება. სამი დღის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო ადგილზე, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა, გასტრონომია, ისტორია. ასევე, ჩვენთან ერთად კერძო სექტორის 30 წარმომადგენელი დაამყარებს ახალ ბიზნეს ურთიერთობებს, იმისთვის, რომ ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში.
ეს ღონისძიება საქართველოს ცნობადობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 25 მაისს გვაქვს მიღება, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს, სტუმარ-მასპინძლობის და ავიაციის ინდუსტრიიდან, გავაცნობთ საქართველოს კულტურას, გასტრონომიას, მოვუყვებით ჩვენი დიდი ისტორიის ქვეყნის შესახებ და დავპატიჟებთ მათ საქართველოში“,- აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.