
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი შიდა ქართლის რეგიონმა ოცდათოთხმეტი მედლით დაასრულა. სპორტსმენებმა ოცდარვა მედალი ინდივიდუალურ, ხოლო ექვსი გუნდურ ასპარეზობაში მოიპოვეს.
რაც შეეხება შედეგებს, შიდა ქართლის დელეგაციამ ცურვაში (ინდივიდუალური და გუნდური) შეჯიბრი ერთი ოქროს, შვიდი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში სპორტის აღნიშნულ სახეობაში ფესტივალის გამარჯვებული ნიკოლოზ ჭულუხაძე (50 მ. ბრასი) გახდა. სპორტსმენმა 100 და 200 მეტრიან ბრასის, ასევე 200 მეტრიან კომპლექსის დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ნიკოლოზ ჭულუხაძის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც (200 მ თავისუფალი ყაიდა).
50 და 100 მეტრიან ბრასის, ასევე 200 მეტრიან კომპლექსის დისტანციაზე ვერცხლის პრიზიორია ნინო ბიბილურიც. მოცურავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 200 მეტრიან ბრასის დისტანიაზეც. ირინა მურადიანი კი ვერცხლის (400 მ. თავისუფალი ყაიდა) და ბრინჯაოს (50 მ. ბატერფლაი) მედლის მფლობელია. რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, შიდა ქართლის ქალ მოცურავეთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ელენე მგალობლიშვილი, ლიზი მაჭარაშვილი, ნინი ბიბილური და ირინა მურადიანი ასპარეზობდნენ (მწვრთნელები მარიკა კახიაშვილი, ნინო შოშიაშვილი), 4x100 მ. თავისუფალი ყაიდის დისციპლინაში მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ნიკოლოზ გუგუტიშვილის, ბარბარე ბიბილურის, ირინა მურადიანის და ნიკოლოზ ჭულუხაძის გუნდმაც 4 X 100 თავისუფალი მიქსის დისტანციაზეც.
ქვიშის ჭიდაობაში ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ გიორგი გოგალაძე (50 კგ.), ნიკოლოზ ტარუაშვილი (55 კგ.), თორნიკე ბასიშვილი (60 კგ.) და მიხეილ მაყიშვილი (65 კგ.) მესამე საპრიზო ადგილზე კი დავით რაზმაძე (75 კგ.) და თორნიკე დვალიშვილი (45 კგ.) გავიდნენ.
თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალს დაეუფლა საბა მინდიაშვილი, ვერცხლის პრიზიორია საბა პაპაშვილი, ტარიელ საათაშვილმა, ზუკა წინამძღვრიშვილმა, გივი კახნიაშვილმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
რაც შეეხება კრივს, სპორტის აღნიშნულ სახეობაში გამარჯვებული ნიკოლოზ ხიზანიშვილი გახდა, ვერცხლის მედალს ზაზა მდინარიძე, ბრინჯაოს კი ლუკა ქოქაშვილი დაეუფლნენ.
ქართული ჭიდაობაში გუნდურ ასპარეზობაში შდა ქართლის გუნდმა საბა ლურსმანაშვილის, ლუკა კოშაძის, საბა ჩინჩალაძის, ბადრი ბაზანდარაშვილის და გიორგი წურიაშვილის შემადგენლობით ოქროს მედალი მოიპოვა.
გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის პრიზიორია შიდა ქართლის კალათბურთის გუნდიც (დავით გაროზაშვილი, ლაზარე ყაზარაშვილი, საბა ქარქუსაშვილი, ლაშა ბეჟუაშვილი). ძიუდოში გამართული გუნდური ასპარეზობა კი რეგიონის გუნდმა (ქეთევან ივანიძე, ქრისტინა მაზანაშვილი, მართა ფსუტური, ბექა გოგლიძე, ლაშა სეხნიაშვილი, გიგა ბუზალაძე) ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
რაც შეეხება ტაეკვანდოს, ინდივიდუალურ ასპარეზობაში სპორტსმენებმა ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მეორე ადგილს ლევან ბუზიაშვილი (63 კგ.) დაეუფლა. მარიამ ავაზიშვილმა (44 კგ) და მინდია მინდიაშვილმა (55 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
შეგახსენებთ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. შიდა ქართლში მცხოვრები სპორტსმენები სპორტის 14 სახეობაში (ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი) ასპარეზობდნენ.
რაც შეეხება ფესტივალის მიზანს, სპორტის მასობრიობის ზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიური ჩართულობა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა, ოლიმპიური მოძრაობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.