გასული წლის 25 სექტემბერს, კასპში მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, ყოფილი ცოლის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობაში ბრალდებულ 43 წლის ზურაბ ბურდულს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
43 წლის ბრალდებულმა, ყოფილ მეუღლეს, 34 წლის თათია ლომინაძეს, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად დედის სახლში ცხოვრობდა, სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი შეასხა და მისი დაწვა სცადა, რის გამოც დაზარალებულს ნაკვეთი ჭრილობების გარდა, სხეულის 80%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა.
დაზარალებულს ინტენსიური მკურნალობა თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში უტარდებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 2 ოქტომბერს ლომინაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.