„შემოქმედებითი სახელოსნო“ - პროექტის ფარგლებში, სოფელ პატარა გარეჯვარში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
პროექტის - „შემოქმედებითი სახელოსნო“ ფარგლებში, სოფელ პატარა გარეჯვარში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ლელა მაისურაძე და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რაც შეეხება პროექტს, „შემოქმედებითი სახელოსნო“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და პატარა გარეჯვარში შექმნილ შემოქმედებით სივრცეში მოსწავლეები ეუფლებიან ფერწერისა და ხელოვნების საფუძვლებს, ასევე პრაქტიკულ უნარებს და შემოქმედებით შესაძლებლობებს ავითარებენ.
„სახელოსნოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაა - ბავშვები მეორად მასალებს სხვადასხვა შემოქმედებით ნამუშევრებად გარდაქმნიან და მათ „მეორე სიცოცხლეს“ ანიჭებენ.
სასწავლო პროცესში მოსწავლეები მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, რაც ხელს უწყობს მათში შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების და თანამშრომლობის უნარების განვითარებას“, - აცხადებენ გორის მერიაში.