პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა და ქვეით დედა-შვილს შეეჯახა
დაკავებულ მძღოლს, რომელიც გორში ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა და ქვეით დედა-შვილს შეეჯახა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. ჯიპის ტიპის ავტომობილი, რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი მართავდა, ქვეით დედა-შვილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალმა და მისმა 3 წლის შვილმა სხეულის მრავლობითი მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტომანქანის მძღოლი, გორში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ შემთხვევიდან უმოკლეს დროში დააკავა.