საზოგადოება
05.08.2026 13:19
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასოდ ისწავლიან - ვის აქვს პროგრამით სარგებლობის უფლება
2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესითაა აღიარებული.

მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართი: გორი, ფერაძის ქ. N5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1) და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვებგვერდზე: https://portal.abkhazia.gov.ge/Signin“, - აცხადებენ სამინისტროში.
კვირის ამბები