საზოგადოება
27.07.2026 10:51
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველს ნადირობა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის შემდეგ, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეეძლება. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

მსურველები ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალს, ნადირობის ვადებს და ნადირობის ადგილების მიხედვით დღიურ ლიმიტებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (mepa.gov.ge).

„ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორის: ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა აკრძალულია სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვასა და სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ტერიტორიებზეც.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სანადირო იარაღით, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღით, ასევე სანადირო პნევმატური იარაღით“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები