საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ შინდისში სპორტულ-კულტურული ფესტივალი და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, ადგილობრივი მოსწავლეების მონაწილეობით სპორტულ-კულტურული ფესტივალი და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართება.
მასობრივ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული, სამშვიდობო, სპორტული და სამედიცინო პროექტების ორგანიზატორის გიორგი სამხარაძის დაფინანსებით გაიმართება, 200-მდე ადგილობრივი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალი 11 აგვისტოს (შინდისის გმირების დღე), ჩატარდება და როგორც გიორგი სამხარაძემ „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ამ ინიციატივით სურს, რომ აგვისტოს ტკივილიანი დღეები მომავლის იმედით, მეტი ურთიერთანადგომით, შინდისელი და მეზობელი სოფლების ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭებით შეეცვალა.
„სპორტულ-კულტურული ფესტივალის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზი მიმდებარედ მცხოვრები მოსწავლეები და მასწავლებლები შინდისის გმირების მემორიალთან პატივს მიაგებენ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. შემდეგ კი შინდისის საფეხბურთო სტადიონზე ვაჟებისა და გოგონების მონაწილეობით გაიმართება მხიარული სტარტები და საფეხბურთო შეჯიბრი. ღონისძიების დასასრულს, სკოლებს და წარჩინებული სპორტსმენებს დავასაჩუქრებით.
ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხადო სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძეს და მის მოადგილეს ირაკლი დოლაბერიძეს ღონისძიების მხარდაჭერისთვის და ჩართულობისთვის“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა გიორგი სამხარაძემ.