გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილს და წყლის ავზს, მოეწყობა შიდა წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური გამრიცხველიანების სისტემა.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ბროწლეთში მცხოვრებ დაახლოებით 140 ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით უწყვეტად მიეწოდება.
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია 13 სოფელში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც 3 400-ზე მეტი აბონენტი განახლებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აცხადებენ გორის მერიაში.