საზოგადოება
06.08.2026 11:50
ერთი თვის განმავლობაში, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის ერთი ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის პერიოდში, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის ერთი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტია გამოვლენილი და გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 45 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს ეხება.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 27 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, 20 - იმერეთში, 18 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 15 - კახეთში, 9 - სამცხე-ჯავახეთში, 8 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 6 - ქვემო ქართლში, 5 - მცხეთა-მთიანეთში, 3 - გურიაში, 1 კი - შიდა ქართლში.

2026 წლის ივლისში დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია დაახლოებით 480 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის მიზნით დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამასთან, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევების შემცირების ტენდენცია შეინიშნება“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1026 ფაქტია გამოვლენილი და დალუქულია 42 უკანონო სახერხი საამქრო.
კვირის ამბები