გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლას ავტორიზაცია მიენიჭა და საბაზო საფეხურიდან ახალ - საშუალო საფეხურზე გადავიდა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი სტატუსი სკოლას ახალ შესაძლებლობებს აძლევს, უფრო ფართოდ გააღოს კარები წარმატებისკენ და მოსწავლეებს მისცეს საშუალება, მშობლიურ სკოლაში სრულფასოვანი განათლება მიიღონ.
„ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლის საბაზო საფეხურიდან საშუალო საფეხურზე გადასვლა და 9-წლიანი ავტორიზაციის მინიჭება იმ თავდაუზოგავი შრომის, პროფესიული ერთობის და მაღალი პასუხისმგებლობის აღიარებაა, რასაც ყოველდღიურად დებს სკოლა მომავალი თაობების აღზრდაში.
გულითადად გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, სკოლის ცხოვრებაში განსაკუთრებულ და ისტორიულ საფეხურს. გვჯერა, რომ თქვენი გამოცდილი და თავდადებული გუნდი კვლავაც წარმატებით გააგრძელებს ცოდნის შუქის ტარებას, ხოლო სკოლა იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდები იპოვიან საკუთარ თავს, შეიძენენ მყარ საფუძველს და მომავლის დიდ გამარჯვებებს და მიზნებს დაისახავენ.
გისურვებთ ენერგიას, მუდმივ განვითარებას, ინოვაციურ იდეებს და ახალ მწვერვალებს“, - ნათქვამია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.